ოთარ ქაჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ მიხეილის ძე ქაჯაია (დ. 29 ივლისი, 1923, სოფ. ბანძა, გეგეჭკორის რაიონი, ამჟამად მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი, 2018, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში, 1939 წელს წარჩინებით დაამთავრა ბანძის საშუალო სკოლა. როგორც სწავლის ფრიადოსანი, მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1941 წლის 3 აგვისტოს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იმავე წლის დეკემბერში ჩაირიცხა თბილისის საერთო-საჯარისო სამხედრო სკოლის კურსანტად. თბილისში დაჰყო 1942 წლის 9 მაისამდე, შემდეგ გადაიყვანეს გაგრაში, სადაც დარჩა 1942 წლის 10 ივლისამდე. 24 ივლისიდან იბრძოდა ვორონეჟის ფრონტის მე-6 სარეზერვო არმიის 174-ე მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში.

1942 წლის ოქტომბრის ბოლოს დივიზია გადაისროლეს კალინინის ფრონტზე. აქ მეთაურობდა ტანკსაწინააღმდეგო თოფების ოცეულს, რომელიც შედიოდა 46-ე გვარდიული დივიზიის 51-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში.

1943 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ბალტისპირეთის ფრონტის შემადგენლობაში მონაწილეობდა ნეველისა და ნოვოსაკოლნიკის გათავისუფლებაში. 1944 წლის დასაწყისში კონტუზიის შედეგად აღმოჩნდა ჰოსპიტალში. 1944 წლის 1 სექტემბერს მუშაობა დაიწყო გეგეჭკორის რაიონის სოფელ აბედათის საშუალო სკოლაში სამხედრო ხელმძღვანელად, სადაც მუშაობდა 1945 წლის 25 ივლისამდე.

1945 წლის 1 სექტემბერს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1948 წლის მარტში. მაშინვე მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1948 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა თბილისის ი. ბ. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. 1952 წლის სექტემბერში სამუშაოდ გაგზავნეს სტალინირის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ქ. ცხინვალი), სადაც მუშაობდა 1971 წლის 1 დეკემბრამდე მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ.

1971 წლის დეკემბერში სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1972-1975 წლებში იყო ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1975-1984 წლებში — პრორექტორი სასწავლო დარგში, ხოლო 1984 წლის 26 მარტიდან პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.

2001 წელს Reichert-Verlag Wiesbaden-მა, სერიით - Kaukasienstudien, გამოსცა ოთარ ქაჯაიასა და ჰაინც ფენრიხის ერთობლივი ლექსიკონი - Mingrelisch-Georgisches Wörterbuch. 2002-2009 წლებში ოთარ ქაჯაიამ გამოსცა მეგრულ-ქართული ლექსიკონის ოთხტომეული, 2013 წელს კი — ცნობილ ქართველოლოგთან, გიორგი კლიმოვთან, ერთად — მეგრულ-რუსულ ქართული ლექსიკონი.

1954 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1961 წლიდან დოცენტია.

მეუღლე — ნებიერიძე ნორა ვასილის ასული, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, შვილები — მერაბი და მანანა.

  • იყო სკკპ წევრი 1947 წლის მარტიდან;
  • საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სამამულო ომის I ხარისხის ორდენი“;
  • მედალი „1941-1945 წწ დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
  • საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვების 20 წელი“;
  • საიუბილეო მედალი „ვ. ი. ლენინის დაბადების 100 წლისათვის აღსანიშნავად შრომითი მამაცობისათვის“;
  • საიუბილეო მედალი „სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წლისთავი“;
  • საიუბილეო მედალი „1941-1945 წლები დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“;
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]